"ჩაქუჩით პოლიტიკური განცხადებების შეჩერება არ შეგიძლიათ" - საკონსტიტუციოში სიტყვიერი დაპირისპირება იყო
ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც ნიკა გვარამიას საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაფრთხილება მისცა.
მოსამართლემ პარტია "ახალის" თავმჯდომარეს უთხრა, რომ პოლიტიკური განცხადებები სხვაგან აკეთოს.
გვარამიამ კი ნადარაიას შეახსენა, რომ ეს ინკვიზიციური სასამართლოა, სადაც მას პოლიტიკური განცხადებების ჩაქუჩის დარტმით შეჩერება არ შეუძლია.
ნიკა გვარამია: დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას. ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც რეალობაში ხდება. სინამდვილეში კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად, კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობელნი.
მოსამართლე რევაზ ნადარაია: ბატონო ნიკა თქვენთვის გაუგებარი იყო, რაზეც მე ვსაუბრობდი?
ნიკა გვარამია: რა ვთქვი ისეთი?
მოსამართლე რევაზ ნადარაია: პირველ რიგში სარჩელი ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, აქ არაფერ შუაში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. არაფერ შუაშია, თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან.
ნიკა გვარამია: საერთო სასამართლოები მემგონი თქვენ გგონიათ, ბატონო მოსამართლევ, ეს არ არის საერთო სასამართლო, ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია . როგორც სისხლის სამართლის პროცესში ჩაქუჩით შეგიძლიათ პოლიტიკური განცხადებების შეჩერება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ ხდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია: მე არაფერს ჩაქუჩით არ ვაჩერებ, თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, ჩაქუჩი საერთოდ არ გამომიყენებია, მე არაფერი არ მერევა ერთმანეთში და სასამართლოს ელაპარაკეთ კორექტულად.
ნიკა გვარამია: სად ვიყავი არაკორექტული?
მოსამართლე რევაზ ნადარაია: გაფრთხილებული ხართ უკვე.
ნიკა გვარამია: განმიმარტეთ რომ მეორედ არ გავიმეორო
მოსამართლე რევაზ ნადარაია: თუ ვერ გაიგეთ, ეს თქვენი პრობლემაა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.