„რაც მამას უნდა...“ - პლენუმს ნიკა გვარამიამ მიმართა

21.10.26 16:43
„რაც მამას უნდა...“ - პლენუმს ნიკა გვარამიამ მიმართა

ივანიშვილის სურვილს, რომ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები აკრძალოს, ნიკა გვარამიას ერეკლე დეისაძის ცნობილი სიმღერა გაახსენა.

„რაც მამას უნდა“ - ეს სიტყვები პარტია "ახალის" თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააჟღერა. 

როგორც გვარამიამ აღნიშნა, თავად საპარლამენტო კომისიის დასკვნა დამყარებულია არა ფაქტებზე, არამედ ვიღაცის აღქმებზე ფაქტებთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნება“ პოლიტიკური საქმიანობის ლიცენზიებს იძლევა - შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის მიხედვით, ვიღაცაზე მოითხოვონ და აკრძალონ, ხოლო ვიღაცაზე არ მოითხოვონ და არ აკრძალონ!

უნდათ, რომ გაუქმდეს ყველა პარტია და ინდივიდუალურად ყველა პოლიტიკოსი, ვისაც თვითონ გადაწყვეტენ. უკვე არა აკრძალულებს და პოლიტიკურ ლიცენზია მიღებულებს კი, შემთხვევით თუ ივანიშვილს გააკრიტიკებენ, ამის შემდეგ აკრძალავენ. ეს არის პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა ერთპიროვნულად, არაბუნებრივად და მისი კონსტრუირება ისე, როგორც ეს ვიღაცას უნდა - როგორც ცნობილ სიმღერაშია „რაც მამას უნდა“, - განაცხადა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მსგავსი სიახლეები