კობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტის სპიკერებს შორისაა

21.10.26 19:03
კობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტის სპიკერებს შორისაა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებული „ევროკავშირის გაფართოების სამიტის“ (EU Enlargement Summit) სპიკერების სიაშია. ინფორმაციას „ევროსკოპი“ ავრცელებს.

სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება 3 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება და მასში მონაწილეობას პოლიტიკოსები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. დისკუსია Euronews-ის აუდიტორიისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ Euronews-ის სამიტი ევროკომისიის მიერ ორგანიზებული გაფართოების ფორუმისგან განსხვავებული ღონისძიებაა. ევროკომისიის ფორუმი, სახელწოდებით „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“, ბრიუსელში 15-16 ნოემბერს გაიმართება.

„ევროსკოპმა“ რამდენიმე დღის წინ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიის ოფიციალურ ფორუმზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ევროკომისიის ოფიციალურმა პირმა მათ დაუდასტურა, რომ ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.

„ევროსკოპი“ ამჟამად ცდილობს გაარკვიოს, ვისი ინიციატივით მიიწვიეს ირაკლი კობახიძე Euronews-ის სამიტზე.

მსგავსი სიახლეები