ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს პროკურორი იყო, ახლა კი პარტიების გაუქმებას იხილავს

22.10.26 11:19
ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს პროკურორი იყო, ახლა კი პარტიების გაუქმებას იხილავს

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას მთავარი პროკურორის მოადგილე და აჭარის პროკურორი იყო, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. 

  • ცნობილია, რომ სარჩელში, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილია „სერჟანტ როინ შავაძის საქმე“.
  •  შავაძის მკვლელობის გამოძიების დროს აჭარის პროკურორი სწორედ ვასილ როინიშვილი იყო. [სტრასბურგის სასამართლომ 2020 წელს სერჟანტის საქმეზე არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა]. 2023 წელს როინიშვილს გამოძიებისთვის ჩვენებაც კი აქვს მიცემული. 

ვასილ როინიშვილი, კამერებთან ამტკიცებს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. 

როინიშვილის პროკურორად მუშაობის გამომდინარე, ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ,მისი აცილება მოითხოვეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ჩემ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. მაშინ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით შეგვიძლია იგივე ვთქვათ. პარლამენტის წევრი რომ იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი და იმ კანონებს განიხილავდეს საკონსტიტუციო სასამართლო, რისი გაუქმებაც ხდება, მაშინ ესეც ავტომატური აცილების საფუძველია... მაგაზე [როინ შავაძის საქმეზე] გამოძიება ჩატარდა, განაჩენიც არის დამდგარი"- თქვა როინიშვილმა.

"პირველოების" კორესპოდენტის შეკითხვაზე, სასამართლო მიიჩნევს თუ არა „უპირობო ჭეშმარიტებად“ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, მოსამართლის განმარტებით, „წინასწარ უპირობო ჭეშმარიტებად“ რამეს აღიარება გამორიცხულია“.

დავუშვათ მხარემ მოიტანა ასე ვთქვათ თავის პოზიციის გასამყარელად საგაზეთო სტატია, ეს სასამართლომ უნდა მიიღოს მტკიცებულებად თუ არ უნდა მიიღოს? აი, რაღაც ფაქტი არის რომელიღაცა "ალიაში" მაგალითად აღწერილი ეს დაუშვებელი მტკიცებულებაა? გამორიცხულია ეგ საკითხი, რომ უპირობო ჭეშმარიტებად იყოს რაღაც მიჩნეული"- თქვა მან.

ამასთან როინიშვილის თქმით, შესაძლოა პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მომდევნო ორ დღეში ვერ მოესწროს.

"სავარაუდოდ, ვერ მოვასწრებთ განხილვას, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია, შაბათ-კვირას არ გადავა განხილვა"- თქვა მან.

მსგავსი სიახლეები