"თქვენ ჩემი დირექტორი არ ხართ" - პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
კამათის ფონზხე წარიმართა პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში - ერთმანეთს რევაზ ნადარაია და ნიკა გვარამია დაუპირისპირდნენ.
გვარამიამ მოითხოვა მოწმედ დაიბარონ "წულუკიანის კომისიის" წევრები და საკონსტიტუციომ გამოითხოვოს გამოძიების მასალები არჩევნების გაყალბების საქმეზე.
მან საკონსტუტუციოს მიმართა, რომ გამოითხოვოს მოწმედ დასაბარებელ პირთა შესახებ ინფორმაცია, რაზეც ნადარაიამ უთხრა, რომ გამოსაკითხ პირებზე ინფორმაცია მათ უნდა მოეწოდებინათ კოლეგიისთვის.
გარდა ამისა ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს, დადგინდეს, ემთხვევა თუ არა მთავრობის პოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაინტერესებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია და [დორებითი საგამოძები კომისიის] დასკვნის პოზიცია - ეს ერთმანეთს უნდა შევადაროთ. იმიტომ, რომ მკაფიოა განსხვავებებია“, - თქვა გვარამიამ.
გვარამიას მოთხოვნას მოსამართლის მითითება მოჰყვა, რასაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა:
"თქვენ ჩემი დირექტორი არ ხართ"- მიმართა თავმჯდომარეს გვარამიამ.
"კორექტული ტონი მხოლოდ მშვიდ საუბარს არ გულისხმობს"- უთხრა ნიკა გავარამიას რევაზ ნადარაიამ და მას გაფრთხილება მისცა.
განახლება: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შუამდგომლობის საპასუხოდ თქვა, რომ "მხარე ცდილობს საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში და აქ მოხდეს საგამოძიებო კომისიების ჩატარება - ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რომ რომელიმე დოკუმენტის ან პირების გამოკითხვა მოხდეს ამ პროცესზე".
მისი მტკიცებით, ნიკა გვარამიას შუამდგომლობა ორ რამეს ისახავს მიზნად: „გაიწელოს და გაჭიანურდეს სასამართლო პროცესი და მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია“.
აქ შოუ არ არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში, მიმდინარეობს პლენუმის სხდომა. შესაბამისად, მცდელობაა იმისა რომ პირველი, გაიწელოს და გაჭიანურდეს სასამართლო პროცესი. მეორე, მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია. გუშინ ნიკა გვარამია უწოდებდა კომისიის დასკვნას მხოლოდ და მხოლოდ თხზულებას, რომელიც შედგება ათეული ათასი ადამიანის წამების, ქონების ჩამორთმევისა და ხოცვის ამბებით. ამას თხზულებას რომ უწოდებდა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რომ რომელიმე დოკუმენტის ან პირების გამოკითხვა მოხდეს ამ პროცესზე. მითუმეტეს, ეს არის ჩვენი მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისი სარჩელი და თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ არასაკმარისია ჩვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მტკიცებულებები, თავად იმსჯელებს და რა თქმა უნდა, არ დაეყრდნობა და გაიზიარებს ჩვენ პოზიციას“, - განაცხადა გორდულაძემ.
გვარამიას თქმით, „საგამოძიებო კომისია სწორედ მმართველმა პარტიამ გადმოიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში”.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.