საკონსტიტუციო უარს ამბობს პარტიების აკრძალვის სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნოს
"ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა, რომელიც ოპოზიციისაკრძალვის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში საკონსულტაციო დასკვნის მიზნით გაგზავნას შეეხებოდა, არ დააკმაყოფილა.
"პლენუმმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენდობიან. ის, რომ მხარე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობიო, მით უმეტეს პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია"- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.
ლელოს წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ მოითხოვა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო საასამართლოს მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რათა ამ სარჩელზე წარმოედგინა საკონსულტაციო დასკვნა პარტიების აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.
- "ვითხოვთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მის წარმოებაში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნა პოლიტიკურ პარტიათა აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ"- ეწერა ლელოს შუამდგომლობაში.
შუამდგომლობის წარდგენისას აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი პრინციპული კითხვებით უნდა მიმართოს:
- კითხვა №1: რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე, მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან ერთობლიობაში?
- კითხვა №2: რა მტკიცებულებითი და დასაბუთების სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს მოსარჩელემ, როდესაც იგი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს, და რა მოთხოვნები ვრცელდება პარტიისთვის კონკრეტული განცხადებების, მოქმედებებისა და მიზნების მიკუთვნებაზე?
- კითხვა №3: რა გარემოებები უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ იმის შესაფასებლად, წარმოადგენს თუ არა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციულ ღონისძიებას და არსებობს თუ არა იმავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები?
- კითხვა №4: რა მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შეფასებისას პარტიის მოქმედ მიზნებსა და საქმიანობას, მის პოლიტიკურ განცხადებებსა და რეალურ ქმედებებს შორის განსხვავებას, აგრეთვე იმ გარემოებას, არსებობს თუ არა პარტიის მხრიდან დემოკრატიული წესრიგისთვის რეალური და სათანადოდ დასაბუთებული საფრთხე?
- კითხვა №5: კონვენციით გათვალისწინებულ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა პარტიების აკრძალვის ერთობლივი პროცედურული სამართალწარმოება?
საკონსტიტუციო სასამართლომ "ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა, რომელიც ოპოზიციისაკრძალვის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში საკონსულტაციო დასკვნის მიზნით გაგზავნას შეეხებოდა, არ დააკმაყოფილა.
პლენუმის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.