ალან ბერსე ამბობს, რომ პარტიების აკრძალვის საქმის „ბევრი ელემენტი“ საბოლოოდ შესაძლოა, სტრასბურგში აღმოჩნდეს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე აცხადებს, რომ საქართველოში პარტიების აკრძალვის საქმის „ბევრი ელემენტი“ საბოლოოდ შესაძლოა სტრასბურგში აღმოჩნდეს.
საქართველოში არსებულ ვითარებისა და ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვის შესახებ ბერსეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სხდომაზე კითხვა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ნადინ პიტფილდმა დაუსვა - „ვითარების მონიტორინგისა და დიალოგში ჩართვის გარდა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგას ევროპის საბჭო, რომ საქართველოს უბიძგოს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ“?
საპასუხოდ ბესემ განაცხადა: „ჩვენ ვდგავართ შემზღუდავი კანონმდებლობისა და სამოქალაქო სივრცის შემცირების წინაშე; ასევე, ადგილი აქვს ოპოზიციაზე ზეწოლას“.
ამის შემდეგ ახსენა სტრასბურგის სასამართლო, ოღონდ იმ დათქმით, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო დავის შესაძლო შედეგს წინასწარ არ შეაფასა.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიის შემაშფოთებელი უკუსვლა ძირს უთხრის საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
„საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა — ჩვენ ასე ვუწოდებთ — ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ ვდგავართ შემზღუდველი კანონმდებლობის, სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ოპოზიციაზე ზეწოლის წინაშე და ყველა ეს ელემენტი ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს, ისევე როგორც ქვეყნის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს.
რადგან არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კანონის უზენაესობის პრინციპზე ვართ დაფუძნებული. ეს კი ნიშნავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ადამიანის უფლებათა კონვენცია, ასევე, სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, პრეცედენტული სამართალი. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებული ბევრი ელემენტი საბოლოოდ ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდება, ან შესაძლოა, განხილულ იქნას. ამიტომ, მეც ვასრულებ ჩემს მოვალეობას ისე, რომ არ შევარყიო სასამართლოს პოზიცია. მაგრამ ამის თქმით, შედეგის წინასწარ განჭვრეტის გარეშე, მე მოვუწოდე მმართველ უმრავლესობას პლურალიზმის დაცვისკენ“, – განაცხადა ბერსემ.
მან „ქართულ ოცნებას“ შეახსენა, რომ პარტიის გაუქმება მოითხოვს დამაჯერებელ დასაბუთებას და ასევე, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების მკაცრ დაცვას.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის ცდილობდა დიალოგში ჩართულობას და ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან.
“ბოლოს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან სექტემბერში, ნიუ-იორკში, განვიხილე და ხაზი გავუსვი ქვეყნის ვალდებულებების პატივისცემის მნიშვნელობას. როგორც ყველამ ვიცით, ევროპის საბჭო კვლავაც ჩართულია — თქვენი, კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის მეშვეობით. ასევე, მინდა ვახსენო ვენეციის კომისია, რომელმაც ახლახან გასცა სახელმძღვანელო მითითებები შემზღუდველ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და აგრძელებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მხარდაჭერას. ვფიქრობ, დიალოგმა ხელშესახებ პროგრესამდე უნდა მიგვიყვანოს. ამ დროისთვის სიტუაცია ძალიან რთულია.
იცით, ევროპის საბჭოს წევრობა არ ნიშნავს უბრალოდ ქვეყნების კლუბის წევრობას. ეს ნიშნავს ვალდებულებების მაღალი დონის აღიარებას, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, და ასევე ნიშნავს სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულების აღებას. ეს არის საკვანძო ელემენტი, თუმცა ამას დრო სჭირდება“, — განაცხადა ბერსემ.