ბადრი ჯაფარიძე: გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალებისთვის ამზადებს ნიადაგს
"დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით არა რომელიმე პარტიის დასაცავად, არამედ იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება" - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარდგენისას განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს სრულიად "აბსურდულ და ცინიკურ" ბრალდებას უყენებს, რაც საბოლოოს ჯამში იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის.
მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მიზანია, არჩევნებს ჩამოაშოროს მილიონზე მეტი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციის დონეზე განიმტკიცოს ხელისუფლება.
დღეს „ქართული ოცნება“ თავისი სარჩელით ცდილობს აკრძალოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტია. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის. მათ სურთ, არჩევანი წაართვან და ამ გზით არჩევნებს ჩამოაშორონ (მათივე დათვლებით) მილიონზე მეტი სხვაგვარად მოაზროვნე ამომრჩეველი, მოიპოვონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციის დონეზე განიმტკიცონ დე-ფაქტო უზურპირებული ხელისუფლება.
მათ სურთ, პოლიტიკური არჩევანის თავისუფლების შეზღუდვით საქართველოს მოქალაქეები აიძულონ, აირჩიონ არა ის პარტიები, რომლებიც მათ მოსწონთ და რომელთა გაუქმებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, არამედ ის პარტიები, რომლებიც თავად „ქართულ ოცნებას“ მოსწონს.
მათ სურთ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვალონ ქვეყნის ისტორიული განვითარების მიმართულება, უზრუნველყონ საქართველოს იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან და მართონ ქვეყანა რუსულ-ავტოკრატიული სტილით - ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებით, ერთპარტიულობით, მორჩილი მართლმსაჯულების სისტემით, უფლებააყრილი და რეპრესირებული სხვაგვარად მოაზროვნეებითა და მტრულ ბანაკებად დაქუცმაცებული ერით.
ამიტომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით არა რომელიმე პარტიის დასაცავად, არამედ იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება; დავიცვათ იგი სწორედ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული სუვერენიტეტი; დავიცვათ იგი ხალხის დამოუკიდებლობის მიტაცების სურვილით შეპყრობილი ხელისუფლებაში მყოფი ძალისგან.
რაც შეეხება პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ლელო -ძლიერი საქართველო“ დაარსების დღიდან, 2019 წლის დეკემბრიდან, ძირითად მიზნად ისახავდა და ისახავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბებასა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის სწრაფ სვლას.
ეს მიზნები გვქონდა და გვაქვს დაარსების დღიდან და ამის მიღწევას ვახმარდით და ვახმართ მთელ ჩვენს ძალისხმევას.
ამის პასუხად, პრაქტიკულად არც ერთი დღე არ გასულა ისე, რომ არ ვყოფილიყავით „ქართული ოცნების“ მიერ ინსპირირებული, უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ. მეშვიდე წელია, პრაქტიკულად, არცერთი დღე არ გაგვიტარებია გამოძიებების, გამოგონილი ბრალდებების, სასამართლო განხილვებისა ან/და ციხის საკნების გარეშე!
დღეს კი „ქართული ოცნება“ სრულიად აბსურდულ და ცინიკურ ბრალდებას გვიყენებს -თითქოს „ლელო - ძლიერი საქართველო“ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. სინამდვილე კი სრულიად საპირისპიროა! ჩვენი პარტიის მთელი ძალისხმევა სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ აღგვეკვეთა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს კონსტიტუციის გამუდმებული შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.