კობახიძე ამტკიცებს, რომ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან სანქციებზე საუბარი არ ჰქონია
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნაზე არ უსაუბრია.
მთავრობის მეთაურმა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაში წინა ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ ახალ ელჩთან სწორედ ამ პარტნიორობის აღდგენის სურვილი დააფიქსირა.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შემთხვევაში, ყველაფერი თავისთავად დალაგდება, ეს იქნება სანქციები თუ სხვა თემები.
ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, რაც იყო ძალიან უხეში ნაბიჯი და ეს ყველაფერი იყო იმ უხეში ნაბიჯების გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის პირობებში. თქვენ გახსოვთ, როგორ იტყუებოდა უხეშად მაშინდელი ელჩი და ესხმოდნენ თავს ჩვენ ქვეყანას და ქართველ ხალხს, მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამის კულმინაცია იყო სტრატეგილი პარტნიორობის შეჩერება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი.
სანქციებზე არ გვქონია საუბარი, საუბარი გვქონდა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე. სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შემთხვევაში, ამას მოჰყვება ყველა მიმართულებით გაგრძელება, იქნება ეს სანქციები თუ ნებისმიერი სხვა. კონრკეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგადი პასუხი იყო, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, ორ ქვეყანას შორის. კონკრეტულ თემებზე არ გვქონია საუბარი, უფრო პირველი და გაცნობით შეხვედრა იყო, - განაცხადა კობახიძემ.