კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა

05.11.26 12:21
კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა

 

 

 

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ელჩებზეა საუბარი. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, როგორ მივიდნენ ისინი სასამართლოში და კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოითხოვეს.

“ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა და აკრძალულია ყველა ქვეყანაში. 

მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ 2 ევროპელ ელჩზე, რომელიც სხვადასხვა დროს იყო მისული საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვა კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიში, რაც არის აკრძალული ყველა ქვეყანაში, ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. ასევე თქვენ ისმენდით საჯარო განცხადებებსაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. მე ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ სამართლის უზენაესობას საქართველოში. ბოლო პერიოდში პარტიების აკრძალვის საქმესთან დაკავშირებიტაც მოითხოვეს ინფორმაცია, თუმცა, მანამდე იყო სხვა საქმეებთან დაკავშირებით ანალოგიური პროცესები, რაც არასწორია, - განაცხადა კობახიძემ. 

მანამდე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სასამართლოს საქმეში ჩარევაზე ისაუბრა და თქვა, რომ “მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა იყო“.

გასული წლების განმავლობაში, ვიხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში ჩარევისა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა. ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა ავტორიტარული რეჟიმის ბერკეტების გამოყენებით ხელყო. გარდა ამისა, ამ მცდელობების უკან დგანან იგივე უცხოური ძალები, რომლებმაც ავტორიტარული რეჟიმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, თავის დროზე, მწვანე შუქი აუნთეს, - თქვა კობახიძემ.