საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობას მოაქვს - ბრაჟე
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობას მოაქვს - განცხადება ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიმა ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
მისი თქმით, ეს თითოეული ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა დაკავშირებადობის სამიტში.
ყველა ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა ამა თუ იმ შეხვედრაში , ან რა შესაძლებლობები შექმნას და გამოიყენოს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ არ ისარგებლოს ამ სიკეთეებით ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში - ეს მათი არჩევანია. თუმცა, ვფიქრობ, ხალხი სხვანაირად ფიქრობს"- ამბობს ბრაჟე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს.
„ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის“, — აცხადებს საგარეო უწყება.
გუშინ, 15 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილმა "პუბლიკას" უთხრა, რომ 16 ნოემბერს დაკავშირებადობის მინისტერიალზე მონაწილეობას მიიღებდა:
„იდეაში, დაპატიჟებული ვარ; [აპირებთ, მიხვიდეთ?] კი, რატომაც არა. ვაპირებ, კი“, — თქვა მახარობლიშვილმა.