ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებას საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს

20.10.26 11:30
ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებას საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს

 

 

ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებას საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს. ამ მოთხოვნით უფლებადამცველები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით შექმნილ ელექტრონულ პეტიციას მოკლე დროში 4 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ადვოკატები ამნისტიის აუცილებლობას ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებულ მძიმე ბრალდებებსაც უკავშირებენ, რაც, მათი შეფასებით, წარსულში ჩატარებული გამოძიებების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. 

დღეს ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შევიკრიბეთ კანცელარიასთან კონკრეტული მოთხოვნით - დაიწყოს ხელისუფლებამ საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა. ჩვენი პროფესიული პოზიციის გარდა, ჩვენ ხელთ გვაქვს ელექტრონული პეტიციის შედეგებიც, რომლის თანახმადაც ძალიან მოკლე დროში 4 000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა საყოველთაო ამნისტიის მხარდაჭერა. გასათვალისწინებელია ამ ყველაფერთან ერთად ისიც, რომ ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირები მხილებულნი არიან უმძიმეს დანაშაულებში. ეს საზოგადოებაში ყოველთვის აჩენს ეჭვს, თუ რამდენად სამართლიანად, ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად იძიებდნენ ეს ადამიანები და უწყებები საქმეებს. დამეთანხმებით ალბათ, ლოგიკურია, რომ თუ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი უკვეთავს მკვლელობას, იღებს ქრთამს, ათეთრებს ფულს და ამუშავებს ქოლცენტრებს, ის ვერ ჩაითვლება ობიექტურად გამომძებლად. ამიტომ ხელისუფლებამ, რომელმაც ასეთი მძიმე მემკვიდრეობა მიიღო, უნდა მიიღოს ადეკვატური, სამართლიანი და ჰუმანური გადაწყვეტილება ყველა პატიმრის უფლებების გათვალისწინებით და საზოგადოების უსაფრთხოების გათვალისწინებით, - განცხადა უფლებადამცველმა.