ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას - ფეიქრიშვილის დედა

20.10.26 16:09
ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას - ფეიქრიშვილის დედა

 

 

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ნინო აბრამიშვილი ამბობს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მისი შვილისგან ტელეფონის პაროლს ითხოვდნენ.

ქალი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მობილური ვიღაცაზე კომპრომატს ინახავს. 

ვერ გაუხსნია გამოძიებას ტელეფონი და პაროლებს ითხოვდნენ, რაღაც ტელეფონის გახსნა უნდათ, არ ვიცი, რისი პოვნა უნდათ, ამის გამო ჰყავთ წამებაში. არ ვიცი, რა ინფორმაცია იყოს ამ ტელეფონში, ვინც ეძებს ეტყობა იმან იცის. ეტყობა, ისეთი კომპრომატია, რომ შესძრავს ამ ქვეყანას ალბათ. მე მაინტერესებს, რა პასუხს მაძლევს მთავრობა. რომ ვიცოდე ვის წინააღმდეგ შეიძლება იყოს კომპრომატი ტელეფონში, ნამდვილად გაბაჟღერებდი, იმიტომ, რომ მე დასაკარგი არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ დათუნა იმ ციხიდან ჯანმრთელი არ გამოვა. 

მე არ ვიცი რა მოხდება ხვალ, ზეგ. ამასაც ახლა რომ ვამბობ, შეიძლება, გოგას სცემენ. მე არაფერი გარანტია არ მაქვს, ციხე გარანტია არ ყოფილა თურმე.

მე ბევრი მთავრობა გამოვიარე, მაგრამ ასეთი რამე საქართველოს არ ახსოვს, რომ კანონიერი ქურდები შევიდნენ კამერაში "რაზბორკაზე". არ ვიცი, ვატო ყიფიანს, რომელმა ქურდმა უნდა სცეს პატივი, არანაირ წესებში არ ჯდება. არაფერში ჯდება, პატიმარს შეუვარდე და აწამო 5 კაცმა"- განაცხადა "პირველებთან" ნინო აბრამიშვილმა. 

გარკვეულ კომპრომატზე მინიშნების შემდეგ ფეიქრიშვილების დედას "პირველებმა" ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა რომ მობილურ ტელეფონში ბერა ივანიშვილის შესახებ ინფორმაცია ინახებოდეს, რაზეც აბრამიშვილმა თქვა, რომ ინფორმაციას ამის შესახებ არ ფლობს. 

არ ვიცი, 40 წლის ასაკის არიან ჩემი შვილები. ბევრი მეგობარი ჰყავთ, მე ხომ ყველას არ ვიცნობ. ნახევარი თბილისი თუ მეტი არა ჩემი შვილების მეგობარია, შეიძლება ისიც (ბერაც არის) მე არ ვიცი, ვერც ხოს ვიძახი და ვერც არას, იმიტომ რომ არ ვიცი. მე არ მჯერა იმის, რომ ბატონი ბიძინა ამ საქმეში ჩარეულია"- დასძინა მან. 

გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა "პირველებს" მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა მიაყენა, რის შემდეგაც ძმებმა ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.

ტყუპების დაკავაბა: 

40 წლის ძმები, გიორგი და ვით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავენბულია ტყუპების პირადი მცველი ალექსანდრე ჩაფოძეც. 

გამოძიება გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავაბა. საქმის მასალების მიხედვით, ფეიქრიშვილმა ბიზნემსმენი რატი გურგენიშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს მათ ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან. 

  • ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ 2 ოქტომბერს ძმებს ახალი ბრალდება წარუდგინა - ამჯერად საუბარია 10 მილიონი ლარის „გათეთრებაზე“.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება: 

 ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს დაადასტურა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ კაცს, რომლის ვინაობასაც საგამოძიებო ორგანო არ ასახელებს. 

  • დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.