დედის ინფორმაციით, ნაცემ ფეიქრიშვილთან ციხეში შესულ ომბუდსმენის წარმომადგენელს შუქი არ აუნთეს
პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელს ციხეში მისი შვილი, დავით ფეიქრიშვილი ისე ანახეს, რომ შუქი ჩამქრალი იყო.
ნინო აბრამიშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელ საკანში არც შეიყვანეს - "არვიცი მე საიდან შეახედეს, მაგრამ შუქი არ აანთეს".
"იმიტომ არ შეიყვანეს საკანში, რომ 5 კაცი ქურდი ეჯდა ჩემს შვილს" - ამბობს ფეიქრიშვილების დედა.
ხომ გვყავს ჩვენ უფლებადამცველი? სახალხო დამცველს იმხელა შენობა აუშენეს, რისთვის არის ეს საჭირო? სახალხო დამცველმა კარგად იცის მისი უფლებები, გუშინ რომ კამერაში შეიყვანეს და იქ შუქი არ აუნთეს კამერაში, ეგ როგორ იყო? საკანში არც შეიყვანეს, არვიცი მე საიდან შეახედეს, მაგრამ შუქი არ აანთეს, როგორ ვერ მოახერხა ეს, რომ შუქი აენთებინებინა? იმიტომ არ შეიყვანეს საკანში, რომ 5 კაცი ქურდები ეჯდა იქ კამერაში.
მე მინდა ჩემი ვთქვა, სახალხო დამცველის აპარატს ვურეკავდით და კონტაქტზე არ მოდიოდა. მერე გვითხრეს ცხელ ხაზზე, ხვალ ზეგ ან მაზეგ მოვალთ. როცა დედა გირეკავს და გეუბნება, ჩემ შვილს აქვს საფრთხე, არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარია, რა უნდა ქნას სახალხო დამცველმა?
მე ციხის ადმინისტრაციას ვურჩევ, რომ თავისი ხელით დაწერონ, რომ გამათავისუფლეთ სამსახურიდანო. თუ ციხის უფროსმა არ იცოდა, რომ 5 ქურდი ჩაუსვეს პირდაპირ კამერაში, ესეც პრობლემაა მისთვის. თუ ისიც არ იციოდა, რომ 16 რიცხვიდან დღემდე იქ მიდის წამება, ეს ისევე მისივე პასუხისმგებლობაა და მათი ზემდგომების", - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
სახალხო დამცველის აპარატში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ამბობენ, რომ ლევან იოსელიანი ციხეში არ ყოფილა შესული. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრაზე კი თავად ფეიქრიშვილმა განაცხადა უარის.
რა დაწერა სახალხო დამცველის აპარატმა:
სახალხო დამცველის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე დაგვიანებით მოხდა რეაგირება.
ომბუდსმენი ამბობს, რომ დავით ფეიქრიშვილმა უარი თქვა სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრაზე.
ცნობები ტყუპების ცემის შესახებ:
გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა "პირველებს" მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა მიაყენა, რის შემდეგაც ძმებმა ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.
ტყუპების დაკავაბა:
40 წლის ძმები, გიორგი და ვით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავენბულია ტყუპების პირადი მცველი ალექსანდრე ჩაფოძეც.
გამოძიება გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავაბა. საქმის მასალების მიხედვით, ფეიქრიშვილმა ბიზნემსმენი რატი გურგენიშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს მათ ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან.
- ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ 2 ოქტომბერს ძმებს ახალი ბრალდება წარუდგინა - ამჯერად საუბარია 10 მილიონი ლარის „გათეთრებაზე“.
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება:
ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს დაადასტურა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ კაცს, რომლის ვინაობასაც საგამოძიებო ორგანო არ ასახელებს.
- დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.