ენმ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც ოპოზიური პარტიის აკრძალავის სარჩელის განხილვა დაიწყო, მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს - შესაბამისი მოთხოვნა სხდომაზე ანა წითლიძემ დააყენა.
ჩვენ ვითხოვთ სრული შემადგენლობის აცილებას და ჩვენი დასაბუთება არის შემდეგი - საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსამართლეების შემადგენლობით, რომელიც აქაა წარმოდგენილი არ არის არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. რადგან თავად ამ სარჩელის, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესებთან და მთლიანად არის პოლიტიკური, წარმოებაში მიღებაც კი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ასევე, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს აქ წარმოდგენილი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომ მოქალაქეებმა ნახონ რამდენად თავისუფლად, სამართლიანად და რეალურად საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეუძლიათ ამ მოსამართლეებს მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
ამის შემდეგ პოლიტიკოსს სხდომაზევე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ და წითლიძეს სამართლებრივი ლექსიკით საუბრისკენ მოუწოდა.
სასამართლო არ არის ის ადგილი, რომ ამ ლექსიკით და ასეთი ფორმით ვისაუბროთ. თუ მოსამართლეთა მიმართ გაქვთ აცილება, ეს თქვენი უფლებაა. თუ რაიმე არ მოგწონთ მოსამართლეთა მიმართ სამართლებრივ ჭრილში, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ძალიან გთხოვთ და ეს თხოვნა ასე არ გაგრძელდება, იძულებული ვიქნები წესრიგის დაცვის სხვა მექანიზმებს მივმართო. თუმცა ვართ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობ, რომ ეს უხერხულიც იქნება. თუმცა თუ მხარე ამას მუდმივად გააგრძელებს, მაშინ მე მივიღებ შესაბამის ზომებს. ისაუბრეთ იმ ლექსიკით, რაც შეეფერება სასამართლოს და განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ნადარაიამ.
ანი წითლიძემ პლენუმის ყველა მოსამართლეს შეახსენა წარსული და ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც მათ ხელი აქვთ მოწერილი.
უნდა ამკრძალოს ვასილ როინიშვილმა, რომელიც იყო მთავარი პროკურორის მოადგილე სისტემურ დანაშაულებებში.
ქალბატონი ევა გოცირიძე კლანური მმართველობის ჩამოყალიბებაში სასამართლოში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის. ის ჯერ კიდევ იუსტიციის საბჭოში მოღვაწეობის დროს იყო ამით დაკავებული, 2017 წლის ნოემბერში კი ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ იგი საკონსტიტუციო სასამართლსო მოსამართლედ აირჩია. სხვათაშორის ეს იყო მოსამართლე, რომელიც საერთოდ პრობლემას ვერ ხედავდა აგენტების კანონის განხილვის დროს.რევაზ ნადარაია, თქვენ ასევე წარმოადგენთ სასამართლო კლანს, შესაბამისად, თქვენ ვერ იქნებით ვერც თავისუფალი და ვერც სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში", - განაცხადა წითლიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.