ენმ საკონსტიტუციოში სააკაშვილის მიყვანას ითხოვს: "საინტერესოა, რა კითხვას დაუსვამს მას თენგიზ შარმანაშვილი"

21.10.26 14:07
ენმ საკონსტიტუციოში სააკაშვილის მიყვანას ითხოვს: "საინტერესოა, რა კითხვას დაუსვამს მას თენგიზ შარმანაშვილი"

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით მიყვანას ითხოვს - შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ანა წითლიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სხდომაზე მიმართა თენგიზ შარმანაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილის მიერ ელჩად იყო დანიშნული სომხეთში.

  • აღსანიშნავია, რომ თენგიზ შარმანაშვილი, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს ელჩი გახდა სომხეთში, ხოლო იქამდე, 2010 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი.

ენმ ასევე სასამართლოში პატიმარობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის მოწმედ დაბარებასაც ითხოვს. ანა წითლიძის თქმით, პოლიტსაბჭოს თავმდჯომარის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის.

რადგან სარჩელი ეხება 2003-2012 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე პერიოდს, ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას მოყვანილი მოწმედ, იმიტომ, რომ ამ სარჩელის მთავარი სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი იყო იმ წლებში. მაინტერესებს განსაკუთრებით თენგიზ შარმანაშვილი რა კითხვას დაუსვამს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც ახლა, ამ სარჩელით ბრალი ედება, მის მიერ დანიშნულ ელჩს წარმოადგენდა, ან გიორგი კახიანი, რომელიც დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

პირველი ვის დაბარებასაც ვითხოვთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მოწმის სახით და მეორე ლევან ხაბეიშვილი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით, იმ წლებთან დაკავშირებით, 2012 წლიდან დღემდე. ის ორი მოწვევის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისი პოზიციაც ამ წლებთან დაკავშირებით და მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია „ვარდების რევოლუციიდან“ 2012 წლის ჩათვლით, არის არსებითად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ და გაიგონ“, - განაცხადა წითლიძემ.

"ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რომ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის და ლევან ხაბეიშვილის მოწმედ მისვლა რელევანტურად არ მიაჩნიათ. 

ასევე გიორგი კახიანი გამოეხმაურა ანი წითლიძის რეპლიკასაც: 

პირველ რიგში, ქალბატონ ანას რეპლიკას მინდა გამოვეხმაურო - ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა. არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში.

რაც შეეხება ამ შუამდგომლობას ბატონი მიხეილის და ბატონი ლევან ხაბეიშვილის მოწმის სტატუსით დაბარებასთან დაკავშირებით. “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ხუთი წარმომადგენელი და ეს სავსებით საკმარისია, რომ მათ თავიანთი პოზიცია წარმოადგინონ. ვერც ერთი ერთი ან მეორე პირისაგან ვერანაირ ახალ გარემოებას ვერ მოვისმენთ, მათი აქ წარმოდგენის შემთხვევაში. ხუთი წარმომადგენელი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად თავისი წარმომადგენლებიც ჰყოლოდათ. მათი მოწმედ დაბარების ვერანაირ საჭიროებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, აუცილებელია სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენა და არ უნდა მიეცეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს სასამართლო პროცესის პოლიტიკური ტრიბუნისთვის გამოყენების საშუალება.

“უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც დაკარგა და დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, რათა სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფილიყო, არის არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული, დარღვეული აქვს საქართველოს საზღვარი ანუ შემოპარულია ქვეყანაში. ეს ყველაფერია, რაც მე ახლა ჩამოვთვალე ფაქტია. მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსვლა, სასამართლოს პოლიტიზირებას უფრო მოახდენს, ვიდრე რაიმეს შემატებს ამ საქმეს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხაბეიშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც არის როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში. ეს არის სამართლებრივი პროცესი. ჩვენ უნდა დავრჩეთ სამართლებრივ პროცესში და რომელიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, იქნება ეს მოქმედი, ყოფილი თუ უბრალოდ იდეოლოგი, არ მივცეთ საშუალება სასამართლო პროცესი გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ტრიბუნისათვის”, - განაცხადა არჩილ გორდულაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.