სემეკი წლის ბოლოს ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას აპირებს - ნარმანია
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვა იგეგმება.
ნარმანიას თქმით, წლის ბოლოსთვის არ იგეგმება ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა.
"მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავადგინეთ ელექტროენერგიის ახალი ტარიფები, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში იმოქმედებს. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას, ვინაიდან მათი მოქმედების ვადა სწორედ დეკემბრის ბოლოს იწურება", - განაცხადა ნარმანიამ “ბიემჯისთან” საუბარში.
- ცნობისთვის, აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი მიმდინარე წლის აპრილიდან საშუალოდ ხუთი თეთრით გაუძვირდათ.
- რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დღეს მოქმედი ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი თბილისში არის 53.971 თეთრი/მ³.
- წყლის ღირებულება მრიცხველიანი აბონენტებისთვის შეადგენს 0.50 ლარს ყოველ მოხმარებულ 1 კუბურ მეტრზე (მ³). ხოლო უმრიცხველო (ფიქსირებული) აბონენტებისთვის კი საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებულ თითოეულ სულზე შეადგენს 4.517 ლარს თვეში.