რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია - "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება"

22.10.26 09:24
რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია - "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება"

"საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნასა და მისი მანდატის გაფართოებასსახიფათო ტენდენციად აფასებს.

დიპლომატები განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევენ მანდატისთვის "რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების" დამატებას, რაც, მათი თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის პირდაპირ ალტერნატივას ქმნის.

"მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნის და მისი მანდატის გაფართოების შესახებ საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია.


აქამდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი. ამასთანავე, სპეციალური წარმომადგენლის მანდატი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით, ხოლო შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს. რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა "რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება", რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს. ქართული დიპლომატიის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გამხდარიყო საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი და ამ მოლაპარაკებებში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, სადაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მედიატორის სტატუსით არიან წარმოდგენილნი, ხოლო აშშ-ს მონაწილეობს.

მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას", — წერს საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე) დაინიშნა.