საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალავის სარჩელის განხილვა მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება - ამის შესახებ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა.
ნადარაიას თანახმად, სხდომები იქნება ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევსაც.
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გაიმართება ხვალ 12:00 საათზეც.
დღევანდელ სხდომას ვასრულებთ. ხვალინდელი სხდომა უკვე დაგეგმილია, მაგრამ მინდა, გაცნობოთ, ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მომდევნო კვირასაც ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობს“, - განაცხადა მოსამართლემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.