პლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

23.10.26 13:12
პლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება სხდომაზე რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პლენუმმა თათბირის შედეგად ერთხმად მიიღო. 

ნადარაიას თქმით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ აფერხებს საქმის განხილვას, ამავდროულად არ რჩება რაიმენაირი განცდა, რომ მხარე არის მოუმზადებელი. მისივე მტკიცებით, "სასამართლოს უკვე ექმნება განცდა, რომ ეს უფრო გაჭიანურებას ემსახურება და არა საქმის გადადების აუცილებლობას..."

„საქართველოს სახელით არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე. განჩინება საბოლოოა“ ,- აღნიშნა ნადარაიამ.

  • „მოპასუხე მხარე ვალდებულია, წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი არა უგვიანეს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში“, - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლში.

აღნიშნული შუამდგომლობის დაუკმაყოფილებას უკმაყოფილება მოჰყვა გახარიას პარტიას მხრიდან. 

"თქვენივე დამტკიცებული რეგლამენტი მეუბნება, რომ ვადა ერთთვიანი ვადა მაქვს" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

მოსამართლე ვასილ როინიშვილი: ერთთვიანი ვადა ნიშნავს, რომ ერთი თვის მერე უკვე რაღაცის წარმოდგენა აღარ შეიძლება. 

ბერდია სიჭინავა: დიახ და თქვენ ერთი წუთის წინ ბრძანეთ, რომ სანამ სხდომა დაიწყებოდა მანამდე უნდა წარმოგვედგინა. ანუ ახლა ამბობთ, რომ ერთთვიანი ვადა მაქვს...

მოსამართლე ვასილ როინიშვილი: თქვენ უკუღმა იგებთ ახლა...

ბერდია სიჭინავა: მე ვიგებ უკუღმა? თქვენი რეგლამენტია ბატონო ვასილ. განმარტება მჭირდება, ერთთვიანი ვადა მქონდა? 

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა. 

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.

  • დღე მესამე -  საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვსი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის.  ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".  

გუშინ, დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

 

 

მსგავსი სიახლეები