დააკავეს ადვოკატი, რომელმაც მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა და 21 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაიცას შსს ავრცელებს.
უწყებსი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ორმა მოქალაქემ სამოქალაქო დავის წარმოებისა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების მიღების მიზნით მიმართა. ბრალდებულმა მათ სასამართლოში სარჩელის შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევის დაპირებით, დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა.
მიუხედავად თანხის მიღებისა, ბრალდებულს, როგორც მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს, სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს. ამის ნაცვლად, მან მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, თითქოს მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, რომელიც მათ სასარგებლოდ დასრულდა. აღნიშნულის დასადასტურებლად კი ყალბი დოკუმენტაცია გადაუგზავნა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.