საია: მუშთაიდიდან შშმ სტატუსის გამო დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა მოიგო
შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკიდან“ შშმ პირის ნიშნით დისკრიმინაციულად გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო დავა სრულად მოიგო - ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საია პირის ინტერესებს შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ წინააღმდეგ იცავდა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის თითოეული მოთხოვნა სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა.
საია-ს განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით: ბათილად ცნეს ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით; სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად, მოპასუხეს დაეკისრა შესაბამისი კომპენსაციის გადახდა; მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2023 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე/აღსრულებამდე; მოპასუხეს მიყენებული მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა.
გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და შშმ პირთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დამსაქმებელს არ აქვს უფლება, პირის შშმ სტატუსი გამოიყენოს შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის საფუძვლად", - წერს საია.
ორგანიზაციის ცნობით, მოქალაქე ზ.მ. მუშთაიდის პარკში 2019 წლიდან მუშაობდა და მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ფორმა არასდროს გამოყენებულა.