კობახიძე ევროპარლამენტარებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებს - კრიტიკა უნგრეთიდან

24.10.26 14:46
კობახიძე ევროპარლამენტარებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებს - კრიტიკა უნგრეთიდან

 

 

კრიტიკა უნგრეთიდან - ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ევროდეპუტატებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებს.

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარებმა "ოცნებას" უთხრეს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის ფონზე მათი ხელისუფლება დიალოგის სანდო პარტნიორად ვერ ჩაითვლება, მთავრობის მეთაურმა უკვე უნგრეთიდან მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ "დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში ჩარევისაგან".

„ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ჩვენს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში ჩარევისაგან. მათ უნდა წაიკითხონ სარჩელი, მათ უნდა შემდეგ წაიკითხონ გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება, გააკეთონ სამართლებრივი კომენტარები. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, უხეში პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.

როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, სინამდვილეში ყველაფერზე გამოჩნდა, რომ ეს მოთხოვნა იყო ფარსი. სინამდვილეში ერთადერთი რაც უნდათ ამ ადამიანებს, მათ შორის ქალბატონ რასაც საქართველოში, ეს არის სწორედ პოლარიზაცია. ამ სარჩელის წარმატების გარეშე ჩვენ დავრჩებით პოლარიზაციის მუდმივ ჩაკეტულ წრეში. ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას, მის მეგობრებს, რომ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ჩვენი სარჩელი ემსახურება სწორედ ამ გამუდმებული პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევას.

რაც შეეხება სარჩელს, აქ არიან კონკრეტული ძალები, ერთი პოლიტიკური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც დღემდე ხელისუფლებას აცხადებს არალეგიტიმურად და უნდათ, რომ ეს დაამკვიდრონ, რომ ვიღაც შეიძლება აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად, ვიღაც შეიძლება პოლიციელს ურტყამდეს ხელს და უნდა დარჩეს დაუსჯელი და ვიღაც შეიძლება წლების განმავლობაში აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და ამაზე სამართლებრივ სისტემას არ უნდა ჰქონდეს პასუხი. ეს არასწორია. თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს და უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში, მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს - ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა“, - განაცხადა კობახიძემ. 

ევროპარლამენტის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის ფონზე ხელისუფლება დიალოგის სანდო პარტნიორად ვერ ჩაითვლება.

ევროპარლამენტის საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა ქვეყანაში ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას კიდევ უფრო დააზიანებს.

დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩენე ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოთხოვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, რეპრესიული კანონების გაუქმებისა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ევროპარლამენტარები ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.