სასურსათო კალათის 13 პროდუქტის ღირებულება 15%-ით შემცირდა - ლექვინაძე
ფასების შედარების პორტალის, ekalata.gov.ge-ს ამოქმედებიდან სამ თვეში (ივლისი-სექტემბერი) 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ღირებულება 15%-ით, ხოლო 10 ძირითადი არასასურსათო საქონლის ფასი 32%-ით შემცირდა. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, პროექტის დაწყებისას, ივლისში, 13 სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი კალათა დაახლოებით 43 ლარი ღირდა, სექტემბრის ბოლოს კი მისი ფასი 36.50 ლარამდე შემცირდა. რაც შეეხება 10 დასახელების არასასურსათო საქონელს, მათი ჯამური ღირებულება 38-დან 26 ლარამდე ჩამოვიდა. წარმოდგენილი მაჩვენებლები 16 სავაჭრო ქსელში არსებულ საუკეთესო ფასებს ასახავს.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, პლატფორმაზე ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება, რაც ბაზარზე გამჭვირვალობასა და კონკურენციას უწყობს ხელს:
„გვაქვს ლიდერების დაფა, სადაც ის კომპანიები ხვდებიან, ვინც პროდუქციას ფასი ყველაზე მეტად დააკლო. როდესაც ქსელები ერთმანეთის ტარიფებს აკვირდებიან, ლიდერები თვეში რამდენჯერმე იცვლებიან - ფასების გამჭვირვალობა ბაზარზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს“, - განაცხადა ლექვინაძემ.
პორტალი მომხმარებელს პოტენციური დანაზოგის გამოთვლაშიც ეხმარება. სააგენტოს მონაცემებით, საიტზე არსებული თითოეული პროდუქტის თითო ერთეულის შეძენის შემთხვევაში, გასულ თვეში შესაძლო ჯამურმა დანაზოგმა 2 500 ლარი შეადგინა. გაყიდული პროდუქციის მასშტაბის გათვალისწინებით, მომხმარებელთა საერთო ჯამური ეკონომია შესაძლოა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევდეს.
წლის ბოლოს სააგენტო სავაჭრო ქსელებიდან გაყიდვების ზუსტი მოცულობების გამოთხოვას გეგმავს, რათა პლატფორმის ამოქმედებიდან 6 თვის თავზე მოსახლეობის მიერ რეალურად დაზოგილი თანხა დათვალოს.