კლინიკებს 400 სამედიცინო სერვისზე 100%-იანი ფასნამატი უპოვეს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამედიცინო მომსახურების ბაზრის შესწავლისას 400-მდე სერვისი გამოავლინა, რომლებზეც ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უწყებამ დაახლოებით 170 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება შეისწავლა. მონიტორინგი დასკვნით ეტაპზეა და საბოლოო შედეგები წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.
„სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი არის დასკვნით ეტაპზე. ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ საბოლოო შედეგებს ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენს მიერ გამოკვლეულია დაახლოებით 170 სტაციონარული დაწესებულება, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, 2022 წლის შემთხვევაში, შევისწავლეთ 13 000-მდე სამედიცინო სერვისი. 13 000 სამედიცინო სერვისიდან დაახლოებით 400 არის ისეთი ტიპის სერვისი, სადაც ფასების გაძვირება მოხდა. ჩვენ გვაქვს რანჟირება ასევე პროცენტულად, ფასნამატების მაჩვენებლის, თუ სად არის 100% და მეტი ფასნამატი ამ 400 დასახელების სამედიცინო სერვისზე. და ამ დროისათვის გავდივართ კონკრეტულ მიმართულებებს, თუ რისგან შეიძლება შედგებოდეს აღნიშნული მაღალი ფასნამატი. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო სურათი იქნება“, - განაცხადა ლექვინაძემ.
სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, სამედიცინო მომსახურების ბაზარი მთლიანობაში დაბალკონცენტრირებულია და კლინიკებს შორის კონკურენცია არსებობს, თუმცა ცალკეულ მომსახურებებზე მაღალი ფასნამატები დამატებით შესწავლას საჭიროებს.
„მთლიანობაში ბაზარი რომ ავიღოთ, არის კონკურენტული. კონცენტრაციის მაჩვენებელი არის დაბალი, გვაჩვენებს, რომ ბაზარი არის დაბალკონცენტრირებული და კლინიკებს შორის კონკურენცია რეალურად არსებობს. თუმცა, შეიძლება იყოს რიგი სამედიცინო სერვისები, სადაც მსგავსი ტიპის საკითხებია გამოკვეთილი“, - თქვა მან.
როგორც ლექვინაძემ bm.ge-ს განუცხადა, შესაძლო არაკონკურენტული ქმედებების შესახებ დასკვნა მას შემდეგ გაკეთდება, რაც სააგენტო მაღალი ფასნამატების საფუძვლებსა და მომსახურების ხარჯებს შეისწავლის.
„ამას წინასწარ ვერ გეტყვით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდესაც გადავალთ კონკრეტულად ამ სეგმენტის ნაწილში ხარჯების ანალიზზე, იქ იქნება გამოკვეთილი, დასაბუთდება თუ არა არსებული მაღალი ფასნამატები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ აღნიშნულ მონიტორინგს“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.