ბატონო მოსამართლევ, სხდომა ვერ გამოდგება ნიკა გვარამიას გრძნობების ბენეფისად - გორდულაძემ პოლიტიკოსს სიტყვა გააწყვეტინა

29.10.26 13:50
ბატონო მოსამართლევ, სხდომა ვერ გამოდგება ნიკა გვარამიას გრძნობების ბენეფისად - გორდულაძემ პოლიტიკოსს სიტყვა გააწყვეტინა

 

 

"ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას, რომელიც ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოდი, სიტყვა კიდევ ერთხელ გააწყვეტინა.

"ბატონო მოსამართლევ, სხდომა ვერ გამოდგება ნიკა გვარამიას გრძნობების ბენეფისად, რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ნიკა გვარამია რით ამაყობს?" - თქვა სხდომაზე გორდულაძემ. 

კერძოდ, არჩილ გორდულაძის გაღიზიანება მოჰყვა გვარამიას განცხადებების ნაწილს, სადაც კოალიცია "ცვლილებისთვის" ლდიერმა თქვა - „დიახ, მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო, ჯერ ყოველ შემთხვევაში, ასეა, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. შემიძლია დღესაც, აქაც გავიმეორო, ვთქვა და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ".

რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლევ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? თუ რამით სიამაყის გრძნობას განიცდით, გარეთ როცა გაბრძანდებით, ეს თქვენი უფლებაა, იამაყოთ რამდენიც გნებავთ. ნიკა გვარამია რით ამაყობს და რით არ ამაყობს, შეეძლო აქამდე ესაუბრა და ახლა სასამართლო სხდომა ვერ გამოდგება თავისი შეხედულებების და გრძნობების ბენეფისად. ძალიან გთხოვთ, დაუბრუნდეს სასამართლო სარჩელის განხილვის პროცესს", - განაცხადა გორდულაძემ.

ნიკა გვარამიამ კი საპასუხოდ თქვა, რომ მოსარჩელე მხარე სტრატეგიულ სარჩელში დაშვებული სტრატეგიული შეცდომებით მოპასუხე მხარეს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის და შემდეგ ამ შესაძლებლობის გამოყენებას აპროტესტებს.

„ბატონო თავმჯდომარე, რა მეჩვენება იცით, რომ სარჩელში თვითონ გამიხსნის მეც და სხვებსაც არასწორი ტაქტიკით თუ სტრატეგიით შესაძლებლობების ფანჯარას და მერე, როგორც კი ვსარგებლობთ ამ შესაძლებლობის ფანჯრით, ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და იწყებს პროტესტს. „უკან მიდევნებული ლამპრით“ ასეთი საკითხები არ წყდება. ჩემს წინააღმდეგ ბრალდება არის კონკრეტულ წინადადებაზე, მე გიყვებით ფაქტობრივ გარემოებას, რა ვიგულისხმე ამ წინადადებაში. თუ არ მომეცით შესაძლებლობა იმის დამტკიცების, რა ვიგულისხმე, ბრალდება რჩება ბრალდებად. ნუ განმისაზღვრავთ, რომ ერთ ნაწილს მოვყვე და მეორე ნაწილს არ მოვყვე. ბრალდება ჩემი თავისთვის მე ხომ არ წამომიყენებია, რომ ვამაყობ, ზუსტად იმ ადამიანმა თქვა, რომელმაც ახლა პროტესტი დააყენა. ეს მისი შეცდომაა, პროცედურული აცდენაა თუ რაც არის, მე შესაძლებლობას ვიყენებ და შესაძლებლობის გამოყენება და ჭკუაში მოტყუება, ზოგადად, ჭკვიანების ხვედრია და ასევე, საპროცესო უფლება. ვამთავრებ უკვე - ამდენი საამაყოც არ მაქვს“, - განაცხადა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მოსარჩელე მხარის პროტესტი სამართლიანად მიიჩნია.