Reuters: გერმანიასა და საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან

31.10.26 16:00
Reuters: გერმანიასა და საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან

ევროპის ორ უმსხვილეს ქვეყანაში, გერმანიასა და საფრანგეთში, ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი. 

Reuters-ის ინფორმაციით გერმანიის მასშტაბით, შაბათს, 31 ოქტომბერს, ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში 160 000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობას ელოდებიან. დემონსტრაციები 34 ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ფრანკფურტსა და მიუნხენში გაიმართება. აქციის მონაწილეები განათლების სისტემაში მეტი ინვესტიციის ჩადებას, ცხოვრების ხარჯების შემცირებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვენ.

საპროტესტო მოძრაობა სახელწოდებით „Gen Z regelt“ (Gen Z თავად იღებს პასუხისმგებლობას) ევროპაში ბოლო პერიოდში გააქტიურებული ახალგაზრდული პროტესტების ტალღის ნაწილია. მსგავსი გამოსვლები წელს სერბეთსა და საფრანგეთშიც გაიმართა.

მოძრაობის ორგანიზატორების განცხადებით, გერმანიის ახალგაზრდები სულ უფრო მეტად განიცდიან ეკონომიკურ წნეხს. მათი უკმაყოფილების მიზეზებს შორისაა ცხოვრების გაძვირება, განათლების სფეროში არასაკმარისი დაფინანსება და მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც, მათი შეფასებით, ახალგაზრდა თაობას დამატებით ტვირთად აწვება

პარალელურად, საპროტესტო მობილიზაცია საფრანგეთშიც მიმდინარეობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის განცხადებით, მოსალოდნელი დემონსტრაციების ფონზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად 70 000 პოლიციელია მობილიზებული.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჯამში დაახლოებით 150 საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.

მსგავსი სიახლეები