უბისის მონასტრის ფრესკები განადგურების საფრთხის ქვეშაა

04.11.26 21:34
უბისის მონასტრის ფრესკები განადგურების საფრთხის ქვეშაა

ფრესკების განადგურების საფრთხე უბისაში - ქვეყნის უძველესი კულტურული მემკვიდრეობა სავალალო მდგომარეობაშია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც უნიკალური ფრესკები დღითიდღე ფერმკრთალდება და ქრება. 

მონასტრის წინამძღოლი დიდი ხანია ამ პრობლემაზე საუბრობს - არქიმანდრიტი პაისი კუკულავა TV პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დაზიანებული ფრესკები თანდათანობით შესამჩნევად თეთრდება. მისი თქმით, ამის შეჩერება მათ ძალებს აღემატება და ეს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საკითხია.

წინამძღვრის თქმით, 2-3 თვეში ერთხელ მონასტერში ჩადიან და კედლის მხატვრობას ამოწმებენ. მისი თქმით, სხვა მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან მონასტერს სათანადო ყურადღება არ ექცევა.

„არქიტექტორი ჩამოდის 2-3 თვეში ერთხელ და აპარატურა აქვს და ამოწმებს. სხვა არაფერი […] მაგათგან არ არის. რამდენი სააგენტოს უფროსი შეიცვალა, რამდენი მინისტრი შეიცვალა, არც ერთისგან ყურადღება არ არის. ისეთ ადამიანებთანაც მქონდა კონტაქტი, რომლებიც ყოფილი თანამშრომლები არიან. ისინი ამბობენ, დაგვიძახონ, აქ ვინც მუშაობდა, გეტყვით ყველაფერს, რაც არის გასაკეთებელიო. როგორც ისინი ამბობენ, როგორც ჩანს, ეს არის ფინანსურ საკითხთან დაკავშირებული. ფინანსებია გამოსაყოფი, რომ გაიმართოს კვლევა და სამუშაო, რომელიც არის ჩასატარებელი“, – ეუბნება წინამძღვარი TV პირველს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფრესკების სავალალო მდგომარეობაზე ყველაფერი იცის კულტურის სამინისტრომ - ირკვევა, რომ ჯერ კიდევ თეა წულუკიანი მინისტრობის დროს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა საქმის კურსში ჩააყენა - დაევალა ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრობლემის მოგვარება, თუმცა, ზუსტად სამი წელია დასკვნა არ გამოქვეყნებულა, რატომ ზიანდება ფრესკები და შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ იწყება - მიზეზი, სავარაუდოდ, თანხების არარსებობაა.

  • უბისის მთავარ ტაძარში უნიკალური ფრესკები მეფე გიორგი ბრწყინვალეს დროს გაჩნდა. განსაკუთრებით გამორჩეულია საიდუმლო სერობისა და წმინდა გიორგის ფრესკები, რომელიც XIV საუკუნის გამოჩენილ მხატვარს დამიანესა და მის მოწაფეს გერასიმეს ეკუთვნით. როგორც თორნიკე ბარათაშვილი, რომელიც წლებია აკვირდება სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე პროცესებს "პირველებს" გვეუბნება, ფრესკების დიდი ნაწილი სამხრეთ კედელზე რთულ მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე უბისის მონასტრის დაზიანებული ფრესკების ფოტოსურათები. მოქალაქე ნანა ზარდიაშვილი წერს, რომ ფოტოებს შორის სხვაობა სამი კვირაა და „ყოველდღიურად იშლება და ნადგურდება უბისის ფრესკები“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

როგორც სააგენტო წერს, უბისის მონასტრის კედლის მხატვრობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სისტემატურად ამოწმებენ, მონასტერი შეამოწმეს ფოტოების გავრცელების შემდეგაც.

მსგავსი სიახლეები