ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები მასობრივად და თუ ირღვეოდა, არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი მაშინდელი სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა”, - ამ კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრმა, მოსამართლე ევა გოცირიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე.
ნიკა გვარამია დაინტერესდა, აღნიშნული კითხვა ნამდვილად მისი მისამართით თუ იყო დასმული, რაზეც ევა გოცირიძემ უპსუხა, რომ სწორედ მას უსვამდა ამ კითხვას.
შემდეგ გვარამიამ უპასუხა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება.
„მართალი გითხრათ, მე ვერ ვხვდები შეკითხვის არსს. „ნაციონალურ მოძრაობას” რა მიემართება და რა არა, მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავადგინო ამ პროცესის ფარგლებში ან ჩემი აზრი რატომ უნდა გამაჩნდეს ამასთან დაკავშირებით. ეს სასამართლოა, პარლამენტში რომ ეკითხათ პოლიტიკურ დებატებზე, გასაგები იქნებოდა.
რაც არ უნდა ყოფილიყო 2004-2012 წლები, დღევანდელი განხილვის საგანი სამართლებრივი კუთხისა და შეფასების ეს ვერ იქნება. არ ვიცი, რას გულისხმობთ სიტყვაში „მასობრივი”. ეს არის ხუთი, ათი თუ ასი… არა იმაზე, მეტი, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”. შემიძლია ამ მხრივ გიპასუხოთ, მე არ მიმაჩნია, რომ ამ პარტიას ეს შეიძლება გაუქმების წინაპირობად დაუყენო. ხშირი დარღვევები იყო, მაგრამ უკვე გითხარით, არა უმეტეს, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს და გაცილებით ნაკლები და არა უმეტეს ვიდრე არა ამ ხელისუფლების დროს და გაცილებით კიდევ უფრო ნაკლები. მიუხედავად ამისა, ნაფიქრი არ მაქვს იმიტომ, რომ მგონია, ადამიანის უფლებათა დარღვევა როგორი რაოდენობისა და სიმძიმისაც არ უნდა იყოს, ის არ არის კონსტიტუციით დადგენილი წინაპირობა პარტიის გაუქმებისთვის. კონსტიტუციის ბაზისებში შედის თუ არა უფლებები? ცხადია, შედის. დგება თუ არა ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე პასუხისმგებლობა? ცხადია, დგება, ოღონდ არა პარტიის. დგება თანამდებობის პირის ან ინდივიდუალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო პასუხისმგებლობა. საერთაშორისო სასამართლოები სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იხილავენ, შიდა სასამართლოები ინდივიდუალური პასუხისმგებლობას იხილავენ.
სხვაგვარ პასუხისმგებლობას პარტიასთან მიმართებით, ისეთი ზომის გამოყენებას, რასაც პარტიის დაშლა ჰქვია, ქართული კონსტიტუცია ასეთ ზომას არ იცნობს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.