წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი კვლავ ვერ გაიყიდა
წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების შეძენით ინვესტორები კვლავ არ დაინტერესდნენ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე გამოტანილი 10 ობიექტიდან ვერცერთი გაიყიდა.
აუქციონები 15 ოქტომბერს გამოცხადდა და 13 ნოემბერს დასრულდა. ათივე სანატორიუმის საერთო საწყისი ღირებულება 49 მილიონ 200 ათასი ლარი იყო. ამასთან, მყიდველებს ობიექტების განვითარებაში, ჯამში, სულ მცირე 314 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ეკისრებოდათ.
გასაყიდ ობიექტებს შორის იყო ყოფილი სანატორიუმები „მედეა“, „მეგობრობა“, „სავანე“, „ინტურისტი“, „იმერეთი“, „აია“, „გელათი“, „გეოლოგი“, „ფილიალი“ და „რკინიგზელი“.
წყალტუბოს აღორძინების საკითხი დღის წესრიგში წლებია დგას. 2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კურორტის რეაბილიტაციის პროექტს პირადად ჩაუდგებოდა სათავეში. მაშინ საუბარი იყო 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვასა და განახლებაზე.
2022 წელს ეკონომიკის სამინისტრომ პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ დაიწყო. თავდაპირველად საპრივატიზებოდ 14 ყოფილი სანატორიუმი გამოიტანეს, რომელთა ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენდა.
პროექტის ფარგლებში დღემდე 7 სანატორიუმი გაიყიდა, თუმცა მოგვიანებით სამი მათგანი სახელმწიფოს დაუბრუნდა. ამჟამად კერძო საკუთრებაში ოთხი ყოფილი სანატორიუმია - „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. მათი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ ჯამში 16 მილიონ 265 ათას 300 ლარი მიიღო.