გიორგი სიორიძე: ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმარია

17.11.26 13:11
გიორგი სიორიძე: ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმარია

 

 

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია - ამის შესახებ  “ლელო-ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლეთა შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. 

"პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაზე გეკითხებით, როდესაც ადამიანს ბრალი აქვს წარდგენილი, ძალიან სერიოზულ საქმეზე, თუნდაც ბრალის წარდგენის დონეზე, და ჯერ არ ვიცით, რა მოხდა, მისი წინასწარ პოლიტპატიმრად გამოცხადება პოლიტიკურად და სამართლებრივად სწორია თუ არა?"- იკითხა თავდაპირველად მოსამართლე ევა გოცირიძემ. 

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა თქვა, რომ ის არ ეთანხმება ელისაშვილისთვის ტერორიზმის მუხლით გასამართებას. 

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ქმედებას და მის პოლიტპატიმრად კვალიფიცირებას, რამდენადაც მე ვიცი, ახლა, ზუსტად ამის პარალელურად, როდესაც ჩვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესი გვაქვს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, რომლის გამოც ის ტერორიზმის მუხლით არის მსჯავრდებული. თუ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ ალეკო ელისაშვილს კვალიფიკაცია შეეცვალოს, ამ შემთხვევაში რაზე უნდა ვისაუბროთ? ანუ ხომ საპნის ბუშტივით გასკდება ის, რაც სარჩელში წერია — ტერორიზმი?"- თქვა სიორიძემ.

ამის შემდეგ, პლენუმის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ დასვა კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებას გმობთ, მაინც პოლიტპატიმრად მიგაჩნიათ?

რაზეც გამომსვლელმა თქვა:  დიახ, მიგვაჩნია.

"ეს რამდენად ლოგიკურია?"- იკითხა მოსამართლემ.

გამომსვლელმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ელისაშვილის ტერორისტად გამოცხადებას პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს და შალვა პაპუაშვილის განცხადება გაიხსენა, როცა მან საჯარო გამოსვლისას ელისაშვილის წინააღმდეგ საქმის ტერორიზმის მუხლით აღძვრამდე მას "ტერორისტი" უწოდა.

"აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ელისაშვილი პოლიტპატიმარი. როდესაც ასეთი უფსკრულია კვალიფიკაციასა და სასჯელს შორის და მიმდინარეობს ასეთი ორკესტრირებული პროპაგანდის ნიაღვარი მისი ტერორისტად გამოცხადების მიზნით, საქმე პოლიტიკურია. თავიდანვე პოლიტიკური იყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ის ტერორისტად გამოაცხადა", -თქვა სიორიძემ.

სიორიძემ იქვე განმარტა, რომ ელისაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება არ გამორიცხავს მისი ქმედების დაგმობას.

მანამდე პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილი მათი პარტიის წევრი ფორმალურად არ ყოფილა.

"პოლიტიკური თანამშრომლობა არავის უარუყვია და, დიახ, 2024 წლის არჩევნებზეც იყო. ეს იყო თანამშრომლობა, როდესაც ჩვენ 2024 წლის არჩევნებზე ერთად გავედით. იყო ერთიანი სია მხოლოდ პარტიას შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა და საარჩევნო ბლოკები არ არსებობდა. გვქონდა ასეთი პოლიტიკური თანამშრომლობა ერთიანი პარტიული სია. საარჩევნო კანონმდებლობა ასეთია: საკუთარი პარტიით ორგანიზაციულად არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია, თუმცა ერთიან პარტიულ სიაში მონაწილეობა შეუძლია. ეს იგივეა, როცა "ქართულ ოცნებას" სოზარ სუბარი და "ხალხის ძალის" სხვა წარმომადგენლები ჰყავდა"- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები