ვის გაეზარდა საქართველოში ხელფასი - როგორ გამოთვალეს და რა არის რეალობა?
საქსტატს თუ დავუჯერებთ, ხელფასები გაიზარდა და საშუალო მაჩვენებელი უკვე 2 170 ლარია. ქვეყნის მთავარი მთვლელის მონაცემებით, საშუალო ხელფასი პირველ კვარტალში თითქმის 12%-ით არის გაზრდილი. ასახავს თუ არა ეს რიცხვები საქართველოს მოქალაქეების რეალობას? ეკონომისტებს ცალსახა პასუხი აქვთ - არა. ქვეყნის მთავარი მთვლელი ითვლის ჩინოვნიკების კოლოსალური ხელფასისა და ხალხის მინიმალური შემოსავლის საშუალოს. ასე ვიღებთ 2 000 ლარზე მეტს საშუალო ხელფასად.
წელს შარშანდელთან შედარებით გაიზარდა დეპუტატების, მინისტრების, პრემიერის და სხვა მაღალჩინოსნების ხელფასები. არსებობს ვარაუდი, რომ საშუალო ხელფასის ზრდაზე სწორედ ამ ფაქტორმა მოახდინა გავლენა და არა რიგითი მოქალაქეების შემოსავლის ზრდამ. რიცხვები ყოველ წელს იცვლება, მაგრამ ხალხის რეალობა არა. საქსტატის მონაცემების თანახმად, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დედაქალაქშია, რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, შიდა ქართლში, გურიაში, კახეთში - იგივე მაჩვენებელი განახევრებულია. მაგალითად, რაჭაში საშუალო ხელფასი 1 117 ლარია. ეს რიცხვიც ეკონომისტებისთვის მანიპულაციაა.
ერთი შეხედვით საშუალო ხელფასის მაჩვენებლები იზრდება, მაგრამ ზრდის ტემპი შენელებულია. ამას აჩვენებს გასული წლების მონაცემები და სწორედ ეს რიცხვები ხდება ეკონომისტებისთვის მთავარი სიგნალი, რომ დასაქმების ბაზარზეც ეკონომიკური კრიზისის ნიშნები დაიწყო და ქვეყანა პირველ შედეგებს იმკის.