საქართველოში კადრების დეფიციტია - მიზეზი მიგრაციაა
ქვეყნიდან მუშახელი გარბის და კადრების დეფიციტია. ბიზნესასოციაციის კვლევა აჩვენებს, რომ კომპანიები სპეციალისტებს ვერ პოულობენ, რადგან ისინი საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოდ. მრეწველობაში და ვაჭრობაში ეს პრობლემა ყველაზე მძიმედ დგას, მსხვილი კომპანიების 80 პროცენტი ამბობს, რომ მუშახელი ემიგრაციაში მიდის. შესაბამისად ქვეყანაში სულ უფრო ცოტა რჩება სამსახურის მაძიებელი.
მოქალაქეებს მაღალი ხელფასი სურთ, ქართულ ბაზარზე ვერ იღებენ, ამიტომ საბოლოო გზა - ისევ ემიგრაციაა. სამუშაო ძალა თუ მცირდება, ამან შესაძლოა უმუშევრობაც შეამციროს, მაგრამ მოსახლეობის რეალურ მდგომარეობას ვერ ასახავს. "ოცნება" მაინც ამაყობს გაზრდილი ეკონომიკით და ამტკიცებს, რომ მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე შედეგებს უკვე გრძნობს.
ეს კობახიძის რეალობაა, მეორე რეალობა კი სტატისტიკის მიხედვით ასეთია - ქალაქებში უმუშევრობა 2025 წლის ბოლო კვარტალში გაიზარდა, სოფლებში კი - შემცირდა.
თან უმუშევრობა შემცირებულა და თან საკმარისი სამუშაო ადგილები და ჭარბი კონკურენცია ყოფილა ქვეყანაში - "ოცნების" პრემიერმა ახალი დადგენილება გამოსცა. მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები საქართველოში კურიერებად და ტაქსისტებად ვეღარ იმუშავებენ, 1 მარტიდან ეს კანონი ძალაში შევა.
ახლა ეკონომისტები ითვლიან, რა შედეგებს მივიღებთ რიცხვებში, როცა უცხოელებზე შეზღუდვების აღსრულებას დაიწყებენ. სავარაუდოდ, მომსახურებაზე ფასების კიდევ უფრო მატებას უნდა ველოდოთ.
სტატისტიკით მანიპულირება ახალი ამბავი არ არის. უმუშევრობა და სიღარიბე თუ მცირდება, ეკონომიკა კი იზრდება, მაშინ რატომ არის მოქალაქეების ყოფა უფრო მძიმე ვიდრე აქამდე?! "ოცნება" ამტკიცებს, რომ აბსოლუტური სიღარიბე შემცირებულია. ერთი შეხედვით კი, თუმცა რეალურად შემცირდა ხარჯების ზღვარი. თუ 2024 წელს აბსოლუტურად ღარიბი იყო ის ვისაც 430 ლარზე ნაკლები ჰქონდა ხარჯი, 2025 წელს 415 ლარიც საკმარისი გახდა. და ეს მაშინ, როცა ყველაფერზე ფასები იზრდება.