ინფლაციამ ქვეყანაში ბოლო ორი წლის რეკორდი მოხსნა
ბოლო 2 წლის რეკორდი მოხსნილია, აპრილში ინფლაცია თითქმის 6 პროცენტია. სურსათი, ხილ-ბოსტნეული, ხორცი, ელექტროენერგია, საწვავი, ჯანდაცვა - ყველაფერი, რაც მოქალაქეს ცხოვრებისთვის სჭირდება, გაძვირებულია. ეს სახელმწიფო მთვლელის ოფიციალური სტატისტიკაა. "ქართული ოცნების" მიერ ფასებთან გამოცხადებული ბრძოლის პარალელურად, აღმოჩნდა, რომ თან გაიაფებაზე საუბრობდნენ, ამ დროს კი ხალხს პროდუქტი უძვირდებოდა.
ფასები იმაზე ორჯერ სწრაფად იზრდება, ვიდრე ეროვნული ბანკი გეგმავდა. ყველაზე მეტად გაძვირდა მწვანე ლობიო - 103 პროცენტით, პომიდორი 38 პროცენტით, დიზელის საწვავი - 32%, ელექტროენერგია 25 პროცენტით. ფასი იმატებს თევზსა და ხორცზეც. ახალი თევზი 24 პროცენტით გაძვირდა. საქონლის ხორცი თითქმის 20 პროცენტით, ქათმის კი 10%-ით. სამაგიეროდ, საქსტატის მონაცემების მიხედვით 1.5 პროცენტით გაიაფებულა რძე და კვერცხი. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეს ციფრებით მანიპულაციაა.
გაძვირდა ჯანდაცვა და ტრანსპორტი. ისედაც მძიმე ყოფაში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლის შემოსავალიც სტატისტიკურ საშუალოს ნამდვილად არ უდრის, ეს მძიმე ტვირთია. ეკონომისტები გვიხსნიან, რომ მოქალაქეების შემოსავლის ლამის ნახევარი საკვები პროდუქტების შეძენას სჭირდება, ამიტომ ხელისუფლებამ პრობლემის სათავე ჯერ მოსახლეობის სიდუხჭირეში უნდა ეძებოს.