ოჯახი ამტკიცებს, რომ ბათუმში ექიმებს ჩვილი ხელიდან გაუვარდათ, ახალშობილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება
ოჯახი ამტკიცებს, რომ ბათუმის იაშვილის კლინიკაში 20 დღის ჩვილი ხელიდან გაუვარდათ. TV პირველისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაშავებული ახალშობლის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი გადმოყვანა თბილისში, "იაშვილის კლინიკაში" გახდა საჭირო.
დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩვილს თავის ძვლის მოტეხილობა აქვს.
მშობლების ინფორმაციით, ბათუმში მდებარე კლინიკა ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდა და ტრავმის მიუხედავად ჩვილის საავადმყოფოდან სასწრაფოდ გაწერას გეგმავდა.
„ორი კვირის იყო ბავშვი, როცა სახლში ბრონქები გაურთულდა და წავიყვანეთ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. გვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილი და გვაბრალებენ ოჯახს“, - განაცხადა ახალშობილის მამამ.
დაშავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ბავშვი კლინიკაში რესპერატორული ჩივილებით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალევე დამძიმდა. მას შემდეგ კი რაც მშობლების მოთხოვნით, ჩვილს თავზე გადაუღეს, აღმოჩნდა რომ თავის ქალა დაზიანებულია.
„დაზიანება მიაღებინეს ამათ, თუმცა ოჯახს აბრალებენ. ბავშვი შევიდა ჯანმრთელი, ვირუსით და თავგატეხილია იქიდან გამოგზავნილი“, - აღნიშნა ოჯახის ახლობელმა.
ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტო სწავლობს.