მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 %-მდე გაიზარდა

28.04.21 12:30
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 %-მდე  გაიზარდა

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა. ნიშანდობლივია, რომ ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალშიც მნიშვნელოვნად გაზრდის. წინა სხდომის შემდეგ შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი, საბაზო სცენარში დაახლოებით 4 პროცენტია

ინფლაციის დინამიკაზე ნარჩუნდება საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდისგან მომდინარე წნეხი, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. ამასთან, ჯერ კიდევ დაბალი გამოშვების ფონზე, პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები კვლავ მაღალია, რაც ინფლაციაზე დამატებით აღმავალ ზეწოლას განაპირობებს. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, გარკვეულწილად, ადგილობრივ სავალუტო ბაზარსაც გადმოეცემა. ეს უკანასკნელი კი, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე კიდევ უფრო მეტ წნეხს აჩენს. ამასთან, საქართველოში და გლობალურადაც ტურიზმის ინდუსტრიის პერსპექტივებთან დაკავშირებით მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება", - თქვა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები