ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი - პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები გაიზარდა

04.05.21 12:28
ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი - პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.4%-ით, რაც 1.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (17.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.1%-იანი მატება, რაც 1.14 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.1%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7%), ასევე წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.8%-ით, რაც 1.04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.4%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.1%) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), თევზეული (9.4%), პური და პურპროდუქტები (6.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), რძე, ყველი და კვერცხი (6.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.6%). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-22.2%), ასევე ხილსა და ყურძენზე (-18.2%);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.0%-იანი მატება,
რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი
კვების ქვეჯგუფზე (16.3%).