რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!

10.05.23 11:54
რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!

საქართველოში რუსული ფულის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუკი 2021 წლის დეკემბერში რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 567 მილიონ ლარს ინახავდნენ, გასულ წელს ეს მონაცემები 372%-ით გაიზარდა და ამ რიცხვმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 

ეკონომისტები ამბობენ, რომ რუსული ფულის შემოდინებას საქართველოში შესაბამისი სამსახურები უნდა აკონტროლებდნენ, რაც არ ხდება. კონტროლის მექანიზმი უნდა აამუშაოს ეროვნულმა ბანკმაც, რადგან შესაძლოა საქართველო რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების ერთგვარი შავი ხვრელი გახდეს.

"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა შეძლოს დანახვა, რომ საუბარია იმ ქვეყანაზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ამავდროულად გამოირჩევა გარკვეული სახის პოლიტიკური სანქციებითაც.

"ცუდი არ იქნებოდა, რომ საქართველოში ინახებოდეს უცხოეთის მოქალაქეების ფული, რომელიც რა თქმა უნდა სავალუტო შემოდინებაც არის და ჩვენს ეკონომიკასაც უწყობს ხელს, თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით და როგორც მალე შემოვიდა ეს ფული და უცებ შემოვიდა საქართველოში ასევე უცებ შეიძლება გავიდეს, შესაბამისად რუსეთის მოქალაქეებზე ან რუსეთის ეკონომიკაზე ნებისმიერი სახით მნიშვნელოვანი დამოკიდებულება არის ძალიან ცუდი საქართველოს ეკონომიკისთვის" ამბობს, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.

ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში 2022 წლის განმავლობაში გაიზარდა და დეკემბრის ბოლოსთვის 18.2 პროცენტს მიაღწია.

მთლიანობაში უცხოეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 6 მილიარდ ლარზე მეტს ინახავენ.

 

მსგავსი სიახლეები