რატომ გახდა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? - ეკონომისტები საფრთხეებზე

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებების საფრთხეებზე ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.
როგორც ეკონომისტები ამბობენ, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ხაზს უსვამს, რომ მზარდია რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული ბიზნესები. საფრთხის შემცველია ე.წ. კომუნები, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ქმნიან, რაც შესაძლოა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიყენოს.
მთავარი ამბავი აქ არის ის, რომ უკრაინაში რაც რუსეთმა ომი დაიწყო, იმის შემდეგ არის ძალიან გაზრდილი ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსი, ეს ეხება იმპორტს, ექსპორტს და უფრო მეტრად ეხება ფულად გზავნილებს რუსეთიდან და კიდევ უფრო მეტად ბიზნესებს, რომელიც საქართველოში იხსნება.
რუსული კომუნების შექმნა თბილისსა და ბათუმში, შეიძლება მერე აღმოჩნდეს დამატებითი პრობლემების შემქმნელი, ვიცით, როგორ ხდება, რუსეთი იყენებს რომ ჩვენი მოქალაქეები არიან იმ ქვეყანაში, მოქალაქეები არის დასაცავი რუსეთის და ა.შ. სახელმწიფო უსაფრთხოების თემა არის, ეგზისტენციალური საფრთხეებია საქართველოსთვის, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ,“ - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.
როგორც ეკონომიკის დოქტორი ოთარ აბესაძე ამბობს, საქართველოს მთავრობის მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთის ბაზრის გარდა, სხვა ქვეყნებთანაც დაამყარონ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა.
საქართველო რუსეთის ეკონომიკური ოკუპაციის ქვეშ არის ფიზიკური ოკუპაციის პროცესამდე მოქცეული და სამწუხაროდ, ეს გრძელდება დღემდე. თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოახდინა და მაქსიმალურად წაახალისა ბაზრის დივერსიფიცირება და არ გაშალა ეკონომიკა მსოფლიოში, საკმარისია რუსული ეკონომიკის მცირედი რყევებიც კი, ეს მომენტალურად აისახება ფასებზე საქართველოში, როგორც მოხდა საწვავის შემთხვევაში, პურზე და ა.შ. მიუღებელია კატეგორიულად სანქცირებულ ქვეყანასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა,“ - ამბობს ოთარ აბესაძე.
გასულ წელს 2022 წელთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა 2021 წელთან შედარებით კვლავ მნიშვნელოვნად მაღალია - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშშია საუბარი.