პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით 57,2%-ით მოიკლო - საქსტატი

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.3 პროცენტით ნაკლები, ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა გამოაქვეყნა.
საქსტატის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში რამდენიმე საწარმოს გადასვლა სახელდება, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283.0 მლნ აშშ დოლარით შეამცირა.
2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
პირველი ადგილი დიდი ბრიტანეთი 303 მლნ დოლარით, შემდეგ 200.7 მლნ დოლარით ნიდერლანდები, მესამე ადგილზე 98.4 მლნ დოლარით აშშ. ინვესტორ ქვეყნებს შორისაა: თურქეთი, რუსეთი, გერმანია, მალტა, დანია, ლუქსემბრუგი, პანამა.
საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 404.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 70.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 98.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 90.3 მლნ აშშ დოლარით.