ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოს წევრობა შეუჩერდა
ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოს წევრობა შეუჩერდა - OGP-მ წევრობის შეჩერებაზე საქართველოს მთავრობა მაისში გააფრთხილა.
ირკვევა, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა მთავრობამ დღეს, 16 ოქტომბერს მიიღო.
ორგანოზაციამ რუსული კანონის მიღება გააპროტესტა და "ქართულ ოცნებას" კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი სოციალურ ქსელშიც ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველო შეწყვეტილი აქვს OGP წევრი სახელმწიფოს სტატუსი მანამდე, სანამ ხელისუფლება არ გააუქმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების შემზღუდველ და მარეპრესირებელ კანონებს:
"ერთ დროს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership) ლიდერი ქვეყანა, დღეს OGP-მ საქართველოს წევრობა დროებით შეუჩერა.
საქართველო შეწყვეტილი აქვს OGP წევრი სახელმწიფოს სტატუსი მანამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების შემზღუდველ და მარეპრესირებელ კანონებს;
სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ქვეყანაში გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, სანამ სამოქალაქო საზოგადოებას არ მიეცემა საშუალება ფიზიკური ანგარიშსწორების და სიტყვიერი თავდასხმების და მუქარების გარეშე თავისუფლად იმუშაონ, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში.
ეს ინფორმაცია უკვე აცნობა OGP-მ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც არის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი OGP-ში.
ამ საიტიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ღია მმართველობა პრიორიტეტს საერთოდ არ წარმოადგენს. 2023 წლის დეკემბრის შემდგომ ინფორმაცია განახლებული არაა. ახლა ის თუ დაიწერება ამ საიტზე, რომ OGP-მ საქართველოს როგორც დემოკრატიის მხრივ რეგრესის მქონე ქვეყანას წევრობის სტატუსი შეუჩერა. წერს კლდიაშვილი.
რა არის ღია მმართველობის პარტნიორობა
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 2011 წლის 20 სექტემბერს დაფუძნდა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. დღეს OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ.
საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა. საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი 2014 წლიდან იყო.