გიორგი კანდელაკის პირველი კომენტარი: დადგეს რაღაც კონცერტი, მე არაფერ შუაში ვარ
ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებული ვეტერანი მოკრივე, გორელი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს.
მისი მტკიცებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებული 6 ადამიანიდან მხოლოდ გორის საკრებულოს წევრს ბორია გოგიჩაიშვილს იცნობს.
საერთოდ ვერ ვხვდები, რაზე ვარ [დაკავებული]. ერთადერთი გუშინ ან გუშინწინ მთხოვეს ოჯახის წევრებმა, ამეყვანა ადვოკატი. ველოდებოდი, სამჯერ გამომაგდეს ეზოდან (როცა ბორისი დააკავეს) – "წადი აქ რა გინდაო", "პატრულს უნდა გამოვუძახოთო".
ბოლოს მითხრეს: ერთ-ერთ უფროსს შენთან გასაუბრება უნდაო, ბორიასაც განახებთო. ავედი და ცოტა შეკამათება მოგვივიდა. აბსურდია, სასწაული, დადგეს რაღაც კონცერტი, მე არაფერ შუაში ვარ. ამ ხალხს საერღოდ არ ვიცნობ, ბორის გოგიჩაიშვილოს გარდა.“- თქვა მან.
ასევე ნახეთ:
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში არალეგალური ალკოჰოლის ქარხანასთან და უაქციზო სიგარეტის საწყობთან კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 75 137 ბოთლი ალკოჰოლი და 318 000 კოლოფი სიგარეტი. დაკავებულებს შორის არიან ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი. გამოძიების ინფორმაციით, ფალსიფიცირებული სასმელები ტრაილერებით რუსეთშიც გაჰქონდათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 200-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.