შავი ბიზნესი გორში - გიორგი კანდელაკი და მასთან ერთად დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა შვიდივე პირის მიმართ აღკვეთის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
ასევე ნახეთ:
- ექსკლუზივი: კანდელაკს დაკითხვის დროს ხელი "ოცნების" დეპუტატმა დაადო
- ადვოკატი: ერთადერთი, რის გამოც კანდელაკი პატიმრობაშია, ბორის გოგიჩაიშვილის გამოკითხვის ოქმია
- გიორგი კანდელაკის პირველი კომენტარი: დადგეს რაღაც კონცერტი, მე არაფერ შუაში ვარ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში არალეგალური ალკოჰოლის ქარხანასთან და უაქციზო სიგარეტის საწყობთან კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 75 137 ბოთლი ალკოჰოლი და 318 000 კოლოფი სიგარეტი. დაკავებულებს შორის არიან ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი. გამოძიების ინფორმაციით, ფალსიფიცირებული სასმელები ტრაილერებით რუსეთშიც გაჰქონდათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 200-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.