მამუკა ჩარკვიანის შვილს ბრალი ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობის გარდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლითაც წაუყენეს
თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაკავებულ ჯეკო ჩარკვიანს ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობის გარდა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
ცნობილი მომღერლის, მამუკა ჩარკვიანის შვილს ბრალი უკვე წუყენეს.
გამოძიება ამბობს, რომ ჩარკვიანის სახლში მიაგნეს საბრძოლო მასალას, მაგრამ ოჯახი და ადვოკატი ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.
ამ ეტაპზე, როგორც გაირკვა, ბრალდების მხარე ედავება როგორც მონაწილეობას ჯგუფურ ძალადობაში, ასევე ბრალად წაუყენეს იარაღის შეძენა-შენახვა, რაც სრული აბსურდია. ვიყენებთ დუმილის უფლებას, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რაშიც მას ბრალი ედება - იარაღის შეძენა-შენახვაში, არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ქუჩაში ნაპოვნ იარაღებს ედავებიან ამ ეტაპზე, რაც სრულიად გაუგებარია, - ამბობს ადვოკატი, გიორგი ანთაძე.
შეგახსენებთ, პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანჩო გიორგობიანისა და 4 პირის გარდა, კიდევ ერთი ადამიანი დღეს დააკავა.
"ოცნების" მხარდამჭერ ქალს ბრალი უკვე წაუყენეს და ის ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია. წინასწარი ინფორმაციით, გიორგობიანი სასამართლოზე განცხადების გაკეთებას გეგმავს.
მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.