რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს
თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის მარტის თვეში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდა. ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ბინაში მყოფ მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მათ კუთვნილ თანხასა და ძვირადღირებული ტექნიკას უკანონოდ დაეუფლნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 7 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა.
პოლიციამ დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი - შ.გ. გორის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავა"- წერს თამაზაშვილის უწყება დღეს 7 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 179-ე და 286-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე ჯამში 8 ადამიანია დაკავებული - 7 პირს ხელბორკილები 3 აპრილს დაადეს
რას წერდა რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დაკავებასთან დაკავშირებით შსს?
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ. ბრალდებულებმა, ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, რის შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. რამდენიმე საათის შემდეგ, დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს" - წერდა შსს 3 აპრილს.