პოლიციელების მიერ ჯგუფურად ნაცემ კაცს ნეკნი აქვს გატეხილი
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციელების მიერ ჯგუფურად ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი - ინფორმაციას კლინიკა "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი "პირველებთან" ადასტურებს.
ზურაბ ჩხაიძის თქმით, 30 წლამდე კაცმა კლინიკა უკვე დატოვა, ექიმებმა კი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გუშინვე აღმოუჩინეს.
მისი ჩივილებიდან გამომდინარე კონულტირებულ იქნა სხვადასხვა სპეციალისტების მიერ: მათ შორის ქირურგი, ტრავმატოლოგი, ნევროლოგი. ყველა ექიმ-კონსულტანტმა ნახა პაციენტი, კონსულტირებულია. არსებობს შესაბამისი ჩანაწერი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა, როგორც დამაკმაყოფილებელი. ექიმ-სპეციალისტების შეფასებით, არ ესაჭიროებოდა მას სტაციონარულ პირობებში მკურნალობა. კონსულტაციებისა და შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე პაციენტმა კლინიკა დატოვა.
კი ბატონო, [რამდენად რეალურია, რომ ნეკნი ჰქონდა მოტეხილი - ჟურნალისტი] ტრავმატოლოგის კონსულტაციაშიც არის ეს აღნიშნული"- აცხადებს ჩხაიძე.
დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები აე ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.
30 წლამდე კაცს პოლიცია ჯგუფურად გუშინ გაუსწორდა, ნაცემია პაპუნა ლოცულაშვილს მეგობარიც.