ბოლნისში, დედის მიერ 8 წლის შვილის მკვლელობის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ბოლნისში მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, 42 წლის ქალმა 8 წლის ვაჟი მაკრატლის გამოყენებით მოკლა, შემდეგ კი სამზარეულოს დანით თვითმკვლელობა სცადა.
მეზობლების მონაყოლის თანახმად, "სახლში მოკლული ბავშვის გარდა მისი მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ".
„წუხელ ღამე გავიგეთ, რომ ჩვენმა მეზობელმა, სვეტლანამ, მაკრატლით შვილი მოკლა. სახლში მოკლული ბავშვის გარდა, მისი მცირეწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ. მე როგორც გავიგე, მათ თვალწინ სამზარეულოდან მაკრატელი აიღო და 8 წლის ფარუხის გულში ჩაარტყა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, საუბრობენ იმაზე, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„ამბობენ, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა პირადად მე მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ძალიან კარგი ბავშვი იყო, არ ვიცი, რატომ მოკლა. ღამით რომ მივედით, გვითხრეს, რომ ბავშვს გულში მაკრატელი ჩაარტყა, შემდეგ კი, როგორც გვითხრეს, დედამ თვითმკვლელობა სცადა და საკუთარ თავს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა“, - განაცხადა ადგილობრივმა.
მკვლელობის ადგილზე სოფელი ხახალაჯვარში პოლიცია ამ დრომდე მუშაობს. მოკლული 8 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო დანაშაულში ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა.
არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანონ, რადგან მეზობლების თქმით, ქალს სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.