ე.წ დრაივის დადგმისთვის მოქალაქეებს ქრთამს ართმევდნენ - ერთ-ერთი ეპიზოდი კორუფციული საქმიდან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 14 სისხლის სამართლის საქმეზე, ჯამში, 28 პირი დააკავა და მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
საქმეები ეხება ქრთამის აღებას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებას, კომერციული მოსყიდვას, სახელმწიფო თანხებისა და მიწების თაღლითურად დაუფლებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, ქრთამის აღების ფაქტებზე დაკავებულია 3 პირი.
გამოძიების მიხედვით, ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა ქრთამი აიღეს შემდეგი დაპირებების სანაცვლოდ:
გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს"- თქვა გაგნიძემ.
განახლება:
- "პირველები" თეთრიწყაროს მერს დაუკავშირდა - მიხეილ აფციაურს ვკითხეთ, იცოდა თუ არა რომ მისი თანამშრომლები ე.წ. დრაივების ჩადგმის სანაცვლოდ, სავარაუდოდ ქრთამს იღებდნენ, თუმცა საჯარო მოხელემ სატელეფონო ინტერვიუზე უარი განაცხადა და ჟურნალისტს, წერილობით მიმართვისკენ მოუწოდა.
- წალკის მერი, ილია საბაძე აღნიშნავს, რომ კორუფციის ბრალდებით, სუს-ს მისი თანამშრომლები არ დაუკავებია.
- დმანისის მერი, კობა მურადაშვილი განმარტებების გაკეთება არ აპირებს, მისი თქმით, სუს-ის ბრიფინგით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სამ სისხლის სამართლის საქმეზე, 7 პირს ბრალდება წარედგინა.
საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 397 804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა"- ითქვა საგანგებო ბრიფინგზე.