ცნობილია პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელის ვინაობა
პროკურატურის მიერ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელი, დავით ჭითანავაა. შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, სამი ქალის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო მოპოვებას ედავებიან.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, დავით ჭითანავამ დანაშაული იმ დროს ჩაიდინა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო. რაც ფაქტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მან პოსტი დატოვა, რის შემდეგაც მალევე დააკავეს.
- პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.
- გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
ამასთან, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰყავდა თუ არა პოლიციელს სხვისი პირადი ცხოვრების კადრების მოპოვებაში თანამზრახველი. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე უნდა გაირკვეს, ფიგურირებს თუ არა ამ საქმეში ერთ-ერთი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, სადაც ქალებს სავარაუდოდ ფარულად უღებდნენ.
ადვოკატის თქმით, ხობის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
სანამ დააკავებდნენ, დაახლოებით ერთი თვით ადრე გაუშვეს სამსახურიდან. ვერ გეტყვით [გაუშვეს თუ არა სამსახურიდან ამ ამბის გამო]. პირადი განცხადება დაწერა თვითონ და წავიდა. [დავით ჭითანავა] საკუთარი სახლიდან აიყვანეს. ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს"- თქვა "პირველებთან" დაკავებულის ადვოკატმა, სოსო ჯანაშიამ.
დაკავებულის კიდევ ერთი ადვოკატი, ეკა ლატარია კი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი უწყებიდან პირადი ცხოვრების გავრცელების გამო ამბის გამო გაუშვეს.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 ივლისს დააკავეს. ჭითანავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.