გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები - სუს-მა 3 პირი დააკავა

06.08.26 12:17
გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები - სუს-მა 3 პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის – შპს „ტექ-2017“-ის თანამშრომლის მეშვეობით, მართლსაწინააღმდეგო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ საქართველოს მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების დადებითი შედეგით გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

გამოძიების ინფპრმაციით, დაკავებულები ანგარიშებში შეგნებულად უთითებდნენ სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს, რის შედეგადაც გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები.

სუს-ი წერს, რომ აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ თანხას.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  221-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.